გააუქმა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის ქართული პასპორტი? - რას ამბობს რატი ბრეგაძე
გააუქმა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის ქართული პასპორტი? პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ ახლა ისევ რატი ბრეგაძის მოქმედების დრო დგება. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ პროცედურების გავლის შემდეგ პასპორტიც და პირადობაც ანულირდება, ოღონდ როდის ჯერ არ იციან.
იუსტიციის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ერთ თვიანი ფიქრი საქართველოს პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად. რატი ბრეგაძე დღეს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში არ ამბობს, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის შემდეგ გააუქმა თუ არა ფარცხალაძის პასპორტი.
„ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია და ჩვენი გადაწყვეტილება და თუ აქამდე, რატომ არ მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი ამოუხსნელია“, - განაცხადა ბრეგაძემ.
წესით ახლა ფარცხალაძეს ჯიბეში ერთადერთი რუსული პასპორტი უნდა ედოს. ეს კი მას კვიპროსში, სადაც პირველების ინფორმაციით, საქართველოდან წავიდა, უვიზოდ ყოფნის უფლებას არ აძლევს
ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე აღარ არის, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, როგორ უნდა გაასამართლონ სამშობლოს ღალატში მხილებული ექს მთავარი პროკურორი. გამოძიების მიუხედავად მას ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. სუს-ის ეს გადაწყვეტილება კი ცხადად აჩვენებს, რომ ფარცხალაძის საქმის გამომძიებელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არის. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, ქვეყნის დატოვების საშუალება მისცე ადამიანს,რომელიც ქვეყნის ღალატშია მხილებული.
გააუქმა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძის ქართული პასპორტი? - ნახეთ სოფო ნიუარის რეპორტაჟი