რა ეტაპზეა სანქცირებული ფარცხალაძის საქმე და რა გამოიძია სუს-მა - ლილუაშვილს პარლამენტში ელოდებიან
რა ეტაპზეა სანქცირებული ფარცხალაძის საქმე და რა გამოიძია სუს-მა. როდის დაკითხეს, რა უპასუხა და რა მუხლით მიდის გამოძიება - ამ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუწევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსს პარლამენტში წლიური ანგარიშით ელოდებიან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა ლილუაშვილისთვის დაგროვილ კითხვებს პასუხები საჯაროდ გასცეს.
მთავარი საკითხი, რომელზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პასუხი გასაცემი არის ის, რომ მათ ვერ შენიშნეს და ვერ აღმოაჩინეს საქართველოში რუსეთის აგენტურულ ქსელში ჩართული ფარცხალაძე. თუ ოკეანის გაღმიდან ჩანდა მისი მოქმედებები, ცხვირწინ როგორ ვერ დაინახა უსაფრთხოების სამსახურმა და თუ დაინახა, რატომ დახუჭა ამაზე თვალი - ამბობს "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
ფარცხალაძის აგენტობის შესახებ ექნება კითხვები "ნაციონალურ მოძრაობასაც". დავით კირკიტაძის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშმა ფარცხალაძე უმაღლეს თანამდებობას მიაღწია:
ჩვენ გვაქვს უამრავი შეკითხვა და პირველი არის ის, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურის დიდი ჩავარდნა, რომელიც დადასტურებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშმა ფარცხალაძე უმაღლეს თანამდებობას მიაღწია და აქვს გავლენები, რომლითაც რუსეთის, ჩვენი მტერი სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებს - ამბობს დავით კირკიტაძე.
გახარიას გუნდი ამბობს, რომ ლილუაშვილმა უნდა უპასუხოს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დასმულ კითხვებს.
ბევრი კითხვა გვექნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება დეოკუპაცია, ოკუპაციის საკითხები, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, იქნება ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების საკითხი. ის რომ რუსეთს, ფაქტობრივად, მეორე ფრონტი გადმოაქვს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, გადმოიტანოს საქართველოში და ქვეყანა ომში ჩართოს, ამიტომ ეს იქნება მთავარი სასაუბრო თემა - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
"ქართული ოცნება" კვლავ ოთარ ფარცხალაძეს იცავს და სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებებს ითხოვს:
ჩვენ გვაქვს მხოლოდ სადღაც, ვიღაცის მიერ თქმული განცხადება. საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა აგენტობა და მყარი არგუმენტები სჭირდება ამას. როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ეხება საკითხი მაშინ, სახელმწიფო დეპარტამენტში ნათქვამი განცხადება არის სადღაც ვიღაცის თქმული განცხადება, თუ მას არ მოჰყვება კონკრეტული მტკიცებულებები - ამბობს "ოცნების" დეპუტატი დაჩი ბერაია.