„უხამსობის რეგულირება" - რა ჩანაწერი დაამატეს მედიის შემზღუდავ ახალ კანონს

19.10.23 12:08
„უხამსობის რეგულირება" - რა ჩანაწერი დაამატეს მედიის შემზღუდავ ახალ კანონს

მედიის შემზღუდავ ახალ კანონს "ოცნება" დაჩქარებული წესით იღებს. პირველი მოსმენით, სადავო კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ მოულოდნელად მიიღო. დღეს კი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლით  შეფუთულ პროექტში ახალი ჩანაწერი გაჩნდა. ანუ, კრიტიკულ მედიას შესაძლოა, ჯარიმა "უხამსობის" გამოც გამოუწერონ. უფრო კონკრეტულად, ჩნდება ბერკეტი, რომ მედიაში გასული ნებისმიერი მასალა უხამსად გამოაცხადოს.

რას ცვლის ხელისუფლება? - თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოთა შეცვლით  დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე  უხამსობად აღიქვამს,  ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. 

ან კიდევ ერთი - თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად, ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.  

წინა საარჩევნოდ კანონის შეცვლას განსაკუთრებით მედია ექსპერტები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას კრიტიკული მედიის საბოლოოდ "მოგუდვა" უნდა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, ხატია ღოღობერიძის თქმით, კრიტიკული მედიის რეგულირება არის საფრთხე, რადგან ამ შემთხვევაში მოქალაქეები ამის შედეგად მიიღებენ იმ ინფორმაციას, რომლებიც ამ თუ იმ ხელისუფლებას მოესურვება. ღოღობერიძე ამბობს იმასაც, რომ ამ რეგულაციით შეიძლება ძალიან ბევრი მედია დაზარალდეს.

კრიტიკული მედიის რეგულირება საფრთხეა, მოქალაქეები ამის შედეგად მიიღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლებიც ამ თუ იმ ხელისუფლებას მოესურვება. უხამსობის რეგულირება განსაკუთრებით საფრთხილოა და საფრთხეა, რადგან ეს არის ზოგადი ცნება და ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოექცეს ამის ფარგლებში და ძალიან ბევრი მედია დაზარალდეს შედეგად, თუ გავითვალისწინებთ მედია ლანდშაფტს ისედაც კრიტიკული ვითარებაა, მათ შორის კრიტიკული მედიის შემთხვევაში, ვგულისხმობ ფინანსებს და დაჯარიმება მარეგულირებლის მხრიდან აისახება მათ მუშაობაზე და იქნება ძალიან სახიფათო და შეიძლება მოჰყვეს შეჩერება კონკრეტული მედიების", - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის თქმით, რეგულაციის მიზანი კრიტიკული აზრის შეზღუდვას ემსახურება, რომ შექმნან პრობლემები.

შეიძლება ზოგიერთი მწვავე გამოხატვა პოლიტიკური მნიშვნელობის იყოს იმიტომ, რომ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება ეს ნიშნავს, რომ მათი მიზანი არის შეზღუდონ კრიტიკული აზრი და შეუქმნან პრობლემები ამ თვალსაზრისით და ამას აკეთებენ ევროინტეგრაციის ეგიდით, სადაც სრულად განსხვავებული პრაქტიკა არის ამ ნორმების ინტერპრეტაციის", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, მიიღო.

მსგავსი სიახლეები