ვიდრე სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზეა, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერავინ მისცემს - ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზეა, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერავინ მისცემს.
დეპუტატის თქმით, ეს ყველაზე კარგად იურისტმა ირაკლი კობახიძემ იცის, რომელმაც მუქარა გუშინ პარლამენტში გააჟღერა. პარლამენტარი ამბობს, რომ მმართველი პარტიის განცხადებები "მარცხის გადაფარვას" ემსახურება:
"კობახიძე იურისტია და თვითონაც ხვდება, რომ ეს არ მოხდება ყოველ შემთხვევაში სანამ ის (ზურაბიშვილი) მოქმედი პრეზიდენტია, არ არსებობს ამის მექანიზმები, ამიტომ ისევ და ისევ მუქარას ემსახურება, მორიგი მარცხის გადაფარვას, რომ იმპიჩმენტი არ გამომივიდა საკონსტიტუციო სასამართლოთი, ვერ მოგერიე ახლა პროკურატურით დაგემუქრები, პატარა კაცების ქმედება", - ამბობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე.
გუშინ, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა. მომდევნო ერთი წელი სალომე ზურაბიშვილი ისევ ათონელის რეზიდენციაში დარჩება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ "ქართულმა ოცნებამ" ახალი მუქარა სისრულეში არ მოიყვანა.
"თუ პრეზიდენტი კონსტიტუციას მომავალშიც დაარღვევს, შესაძლოა, მისი საქმე პროკურატურაში წავიდეს" - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი" ეძახა.