ზურაბიშვილი ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა - პაპუაშვილი
"ზურაბიშვილი ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით ქვეყანაში არსებულ "დამოუკიდებელ" ინსტიტუტებს უპირისპირდება.
ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს, როდესაც ამაზე საუბრობს. ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის დაპირისპირებულია და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. ბოლოს მიადგა კიდევაც კონსტიტუციას და გუშინ რაც გვითხრა, იყო ის, რომ ის არის სახელმწიფო და გუშინ მე ვთქვი კიდევაც, რომ ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის - აღნიშნა პაპუაშვილმა.