რატომ არ ინტერესდება "ოცნება" ფარცხალაძის საქმეზე - მმართველ გუნდს ლილუაშვილთან კითხვები არ აქვს
"ქართულ ოცნებას" სუს-ის უფროსთან ფარცხალაძის საქმეზე კითხვები არ აქვს. კობახიძის გუნდი, გრიგოლ ლილუაშვილს სრულ კომფორტს ჰპირდება, საკითხი დახურულია. უმრავლესობის წევრები კრიტიკული კითხვების დასმის ნაცვლად, ლილუაშვილისთვის მადლობის გადახდას გეგმავენ, რომ "ქვეყანა სუს-მა გადატრიალებას გადაარჩინა".
დიდი ალბათობით, დღეს ოცნების დეპუტატების სამიზნე უცხოელი ტრენერებიც იქნებიან, ვინც ამერიკული პროგრამით ჯერ თბილისში ჩამოვიდნენ, შემდეგ კი სუს-ში გადატრიალების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, დღევანდელ მოსმენაზე ლილუაშვილისგან მეტი დეტალი მიიღონ დაწყებული გამოძიების თაობაზე.
გვექნება კითხვები და იმედი გვაქვს, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, პასუხებიც იქნება და შესაძლოა, მეტი დეტალიც მივიღოთ. რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს, ვერაფერს გეტყვით. ვიცით, რომ მიმართ პროკურატურამ აშშ-ის მტკიცებულებებთან დაკავშირებით და ჩვენ მოველით, რომ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
"ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ფარცხალაძის საქმე "დამთავრებული ამბავია" და ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ნაკლებად რელევანტური გახდა.
საკითხი პრინციპში ამოიწურა, გუშნ შეუწყდა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, დამთავრებული ამბავია ეს ყველაფერი. ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ნაკლებად რელევანტური გახდა ეს საკითხი, რაც იყო ის სპეკულაციები იმანაც ამოწურა საკუთარი თავი. მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი, მე მართლა მაინტერესებს რაიმე მტკიცებულება თუ იქნა წარმოდგენილი, მას შემდეგ რაც ეს ბრალი გაჟღერდა", - ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
გრიგოლ ლილუაშვილთან შესახვედრად ემზადებიან ოპოზიციის წევრები.
ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რა ეტაპზეა სანქცირებული ფარცხალაძის საქმე და რა გამოიძია სუს-მა, როდის დაკითხეს, რა უპასუხა და რა მუხლით მიდის გამოძიება - ამ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს სუს-ის შეფს მოუწევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსს პარლამენტში წლიური ანგარიშით ელოდებიან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა ლილუაშვილისთვის დაგროვილ კითხვებს პასუხები საჯაროდ გასცეს.