"ქართულო მედიავ, თქვენ ხართ იდიოტები"- იაგო ხვიჩია
ცენზურის კანონი პარლამენტში - "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ქართულ მედიას შეურაცხყოფას აყენებს და "იდიოტებს" ეძახის. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხვიჩიამ თქვა, რომ მედია პარლამენტში "დაბოდიალობს", სხვა "პრიორიტეტები აქვს" და ვერ ხვდება, რომ "ქართული ოცნება" მედიის თავისუფლებას ზღუდავს.
ხვიჩიას გამოსვლა იმდენად უცენზურო იყო, რომ მედიის დაცვა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს მოუწია.
"ნუ გადახვალთ შეურაცხყოფაზე ვისაც არ უნდა ეხებოდეს. არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, ასე გააგრძელოთ. მით უფრო, რომ კომიტეტის წევრი საერთოდ არ ბრძანდებით. ძალიან გთხოვთ, ბოდიში მოიხადეთ"- მიმართა სონღულაშვილმა "გირჩის" დეპუტატს.
"მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია... ნორმალურები თუ ხართ კაცო. თქვენ ვინ ხართ რომ მე ბოდიშს მახდევინებთ?! "ვაბშე" ვინ ხარ, ვის ვაყენებ შეურაცხყოფას, ადამიანი მითხარი, რომელიც აქ ზის?! იდიოტიზმია თავისი შინაარსით, რომ თქვენ რომელიც ზღუდავთ მედიის თავისუფლებას ახლა, ვითომ გულშემატკივარი ხართ მედიის და მე ვებრძვი მათ. აი ამ იდიოტიზმს რომ მედია ვერ ხვდება, რომ თქვენ რასაც ახლა აქ აკეთებთ სინამდვილეში ვითომ კეთილშობილური სიტყვებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით და ვერცერთი მედიის წარმომადგენელი ამას ვერ ხვდება, რომ ხვალ გაუთიშავენ მაუწყებლობას რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონათ. იდიოტები ხართ ამას რომ ვერ ხვდებით ქართულო მედია" - თქვა ხვიჩიამ კომიტეტზე და დარბაზი დატოვა.
"უზრდელი" - იყო რეპლიკა სონღულაშვილის მხრიდან.
ცნობისთვის, საუბარია, ახალ კანონზე, რომელიც ხელისუფლებას გადამწყვეტი არჩევნების წინ, უფლებას აძლევს გათიშოს არასასურველი ტელევიზიები.
სწორედ ამიტომ დილიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რას ცვლის ხელისუფლება? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოთა-შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.
"პირველების" ინფორმაციით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებაა.
პარლამენტმა კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო.
აღნიშნული პროექტი კრიტიკის და განგაშის საგანი უკვე გახდა მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
მათი თქმით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.