აღმოჩნდება თუ არა ზურაბიშვილი მეორე პრეზიდენტი, ვისაც ოცნება ციხეში გაუშვებს - კობახიძის გუნდი ისევ იმუქრება
აღმოჩნდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე პრეზიდენტი, ვისაც ოცნება ციხეში გაუშვებს - კობახიძის გუნდი ისევ იმუქრება.
სამართლებრივი დავა მთავარსარდლის წინააღმდეგ ახლა ვერ შედგება, პრეზიდენტს კონსტიტუცია იცავს, ამიტომ "ოცნება" ახლა მინიშნებებს აკეთებს.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება გვიან არასდროს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, ზურაბიშვილს ყველაფერი სხვაგვარად შემოუბრუნონ, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ კობახიძის დანაყოფს კომპრომატები ექნება.
მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხისგებაში მიცემა, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, მაგრამ რატომ არ აფინანსებდა ის ბიუჯეტიდან არალეგიტიმურ ინსტიტუტს, მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლისსამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. ამიტომ ეშინოდა მას სისხლისსამართლებრივი კანონის დარღვევის, როდესაც არ გასცემდა ბიუჯეტიდან ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის თქმით, კი პრეზიდენტს იმუნიტეტი იქამდე იცავს, სანამ ის თანამდებობაზეა;
იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს დანაშაულს ან უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამისთვის საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ეს განხორციელდება. თქვენ ამბობთ, რომ შესაბამის პირს იცავს იმუნიტეტი, მაგრამ იმუნიტეტი იქამდე იცავს, სანამ იგი თანამდებობაზეა, მას როდესაც ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულები არიან, რომ განახორციელონ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები - ამრკიცებს ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კი პრეზიდენტს ურჩევს შეწყვიტოს დაუმორჩილებლობა:
მან ბოლო რამდენიმე ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა, ამიტომ ნებისმიერი თეთრი დახარჯული ასეთი ვიზიტის დროს იქნება უკანონოდ ხარჯვა, რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება რეაგირება. თუ კი ვინმეს შემორჩენია მას კეთილისმსურველი, ქართველი იქნება თუ უცხოელი, ურჩიოს, არ გახსნას ყუთი კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის - აცხადებს პაპუაშვილი.