სუს-ის უფროსს საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე ელოდებიან - ვის რა კითხვა აქვს ლილუაშვილთან?
რამდენიმე წუთში პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს ელოდებიან. სუს-ის უფროსი საკანონმდებლო ორგანოში ზუსტად 14:00 საათზე მივა. მედია მხოლოდ 15 წუთით შეძლებს სუს-ის ანგარიშის მოსმენას, ამის შემდეგ კი სხდომა დაიხურება.
ვის რა კითხვა აქვს ეს რთული გამოსაცნობი არ არის. ფარცხალაძის საკითხი ოპოზიციისთვის ცენტრალური თემაა. "ოცნებამ" საქმე დახურულად გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს საქმე არ დაიხურება მანამ, ვიდრე არ დაისჯება ყველა თანამზრახველი, ვინც ყოფილ პროკურორთან ერთად ქვეყანაში რუსულ გავლენებს აძლიერებდა.
"ლელოს" წევრ, სალომე სამადაშვილის თქმით, ბევრი შეკითხვა არსებობს ლილუაშვილთან, მაგრამ ადეკვატური პასუხის მოლოდინი არ აქვთ. სამადაშვილი ამბობს იმასაც, რომ სუს-ი დღეს საქართველოში ემსახურება "კაგებეს".
შეკითხვები ბევრია ლილუაშვილთან, მაგრამ მოლოდინი, რომ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს არ მაქვს იმიტომ, რომ ეს არის სუსი, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს და იცავს რუსეთის აგენტურას, როგორიც იყო ფარცხალაძე და როგორიც არის. დღემდე მხოლოდ ფარცხალაძე კი არ უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული, არამედ გამოვლენილი უნდა ყოფილიყო უზარმაზარი ქსელი, რომელსაც ის ამუშავებს ჩვენს ქვეყანაში ფორმალურად და არაფორმალურად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ვინ უნდა გამოიძიოს ეს? სუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ემსახურება "კაგებეს", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის წევრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მას კითხვები აქვს ლილუაშვილთან, ვინაიდან მისი შეფასებით ფარცხალაძე უკვე დიდი ხანია რაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესების ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ ვაშაძე ამბობს, რომ ეს ასე არ არის.
ფარცხალაძესთან დაკავშირებით კითხვები აუცილებლად მაქვს იმიტომ, რომ ფარცხალაძე უკვე დიდი ხანია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ინტერესების ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ არ არის. წესით იმდენად მძიმე თემაა ეს, რომ მოუწევს ალბათ ვინც იქნება ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მოუწევს პასუხის გაცემა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის", - ამბობს პარლამენტის წევრი, გრიგოლ ვაშაძე.