ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: მშობელთა კრებაზე არ ზიხართ აქ! ცდილობთ, რეპრესიული მექანიზმი შემოაპაროთ, მსგავსი ტიპის კანონი რუსეთში მუშაობს
ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის კანონი რუსეთში მუშაობს.
ჩვენ ვნახეთ მსგავსი ტიპის კანონი როგორ მუშაობს მაგალითად, რუსეთში, იქ ამ კანონის გამოყენება არ მომხდარა ექსტრემისტული ჯგუფების შესაბოჭად, რაც იყო გაცხადებული მიზანი იქაც. მსგავსი კანონი გამოყენებული იყო დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი. ფაქტი, რომ არსებობს დირექტივა სწორია, მაგრამ ის, რომ ეს კანონი ასრულებს დირექტივას ისე, როგორც ეს არის დირექტივის სულისკვეთება, არასწორია“,- ამბობს ნაცვლიშვილი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ანა ნაცვლიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.
"მშობელთა კრებაზე არ ზიხართ აქ!" - მიმართა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დეპუტატებს მოუწოდა საკუთარი დრო არა გამოსვლისთვის, არამედ, კითხვის დასმისთვის გამოიყენონ.
"გუშინ გააცდინეს დეპუტატებმა სხდომა და ახლა უნდათ საკუთარი გაცდენილი სხდომა აინაზღაურონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„თქვენ არ გაქვთ უფლება გაარჩიოთ პარლამენტის წევრების კითხვები და პოზიციები, დაემორჩილეთ კანონს! ნუ გადიხართ კანონის ჩარჩოებიდან! არ გაქვთ ამის უფლება და მშობელთა კრებაზე არ ზიხართ აქ!“- მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
მედიის სადამსჯელო სპეცოპერაცია დღეს ოფიციალურ სახეს მიიღებს. რამდენიმე საათში სახიფათოო კანონპროექტი კანონად იქცევა.
საუბარია, ახალ კანონზე, რომელიც ხელისუფლებას გადამწყვეტი არჩევნების წინ, უფლებას აძლევს გათიშოს არასასურველი ტელევიზიები.
სწორედ ამიტომ დილიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რას ცვლის ხელისუფლება? თუ მაგალითად რომელიმე აქციის დროს, სახელ ირაკლის ვინმე ასოთა-შეცვლით დაიტანს საპროტესტო ბანერზე და ამას ვინმე უხამსობად აღიქვამს, ეს დარღვევად ჩაითვლება და ტელევიზია დაჯარიმდება. ან კიდევ ერთი, თუ ცნობილი ფრაზა რუსული სამხედრო გემთან დაკავშირებით, ვინმესთვის ჩაითვლება უხამსობად ესეც მედიის სანქცირების საფუძველი გახდება.
"პირველების" ინფორმაციით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება პრემიერ-მინისტრის უშუალო დავალებაა.
პარლამენტმა კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, გუშინ მიიღო.
აღნიშნული პროექტი კრიტიკის და განგაშის საგანი უკვე გახდა მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
მათი თქმით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.