დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები - ლილუაშვილი
"უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ კოორდინირებულად და კომბინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება," - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ გასულ წელს დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მოქმედი აქტორები. თუმცა ლილუაშვილი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს ამ აქტორებში.
გასულ წელს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
როგორც სუს-ის უფროსი ამბობს, გასულ წელს ასევე დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები კონკრეტული ჯგუფების მიერ.
მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.