უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, არა მარტო მტრულად განწყობილი ქვეყნის, დაინტერესებულები იყვნენ პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებით - ლილუაშვილი

19.10.23 19:50
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, არა მარტო მტრულად განწყობილი ქვეყნის, დაინტერესებულები იყვნენ პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებით - ლილუაშვილი

"გასული წლის განმავლობაში უცხო ქვეყნების სამსახურების დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, მოსახლეობის განწყობები, საუბარია არა მარტო, თუნდაც ძალიან მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურზე“, – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გააკეთა.

როგორც პარლამენტში ლილუაშვილმა აღნიშნა, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიმართული მცდელობები სუს-ისთვის გასულ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, მთავარ გამოწვევად რჩებოდა.

2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისკენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, გაზრდილი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, მაქსიმალურ კონტროლზე იყო აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება, გააქტიურებული იქნა კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან. სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რადგან უსაფრთხოების საკითხზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყო დროული და ემყარებოდა ფაქტობრივ გარემოებებს, რაციონალურ პოლიტიკას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნების სამსახურების დაინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო და რეგიონული პროექტები, ასევე სოციალური საკითხები და მოსახლეობის განწყობები, მათ შორის უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

საუბარია არა მარტო ერთი ქვეყნის, თუნდაც ძალიან მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურზე. ამასთან, ცალკეული სახელმწიფოების სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვება ჩვენი სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე, თავდაცვის სფეროში და სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლაზე. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედი პირების, პირთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების გამოსავლენად აქტიურად მიმდინარეობდა ოპერატიულად საყურადღებო სუბიექტების საქმიანობის შესწავლა, მონიტორინგი და კონტროლი. შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებით დაინტერესებული გარე ძალების საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის იყენებდნენ მათდამი ფინანსური და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე, საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები