უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს თან ერთოდა დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები - სუს-ის უფროსი
"საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ პროცესებსა და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები," - ეს განცხადება სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
როგორც ლილუაშვილი ამტკიცებს, გასულ წელს საქართველოში "დესტრუქციული ძალები" ქვეყნის შიგნით დაძაბულობას და სიტუაციის გამწვავებას ცდილობდნენ. ლილუაშვილი ამბობს, რომ სიტუაციის გამწვავების მცდელობა იყო იმ ფონზე, როდესაც მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო რეგიონში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დეპარტამენტი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილ იქნა სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების უკონტროლო და დამაზიანებელი აქტივობებისაგან, გარე თუ შიდა ძალების ინსპირირებული არეულობებისა და დესტაბილიზაციისგან“, – განაცხადა გრიგოლ ლილაშვილმა.