მოსახლეობა ბალდის კანიონზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება - SJC

20.10.23 12:20
მოსახლეობა ბალდის კანიონზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება - SJC

ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები გარემოს დაცვის სამინისტროსგან კანიონზე მიმდინარე სამუშაოებზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ. ინფორმაციას  "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ავრცელებს.

სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტომ" გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას - "კანიონი 350" – 40 წლით იჯარით გადასცა.

SJC-ს ცნობით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს "ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას".

ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან. მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

2023 წლის 22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი და მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. თავის მსჯელობაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.

"სოციალური სამართლიანობის" ცენტრის ცნობით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ტერიტორიის ინსპექტირების მასალები, თუმცა მათ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. 

SJC-ს ცნობით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 5 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე. თუმცა, მინისტრის მოადგილის დაპირების მიუხედავად, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ის სამუშაოებს შეაჩერებდა, ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები