ფარცხალაძის შვილის სახელზე გადაფორმებული ოფისი მუშაობს - რა გაარკვია "პირველებმა"

20.10.23 13:02
ფარცხალაძის შვილის სახელზე გადაფორმებული ოფისი მუშაობს - რა გაარკვია "პირველებმა"

ოთარ ფარცხალაძის შვილის სახელზე გადაფორმებული ოფისი მუშაობს. კოსტავას ქუჩაზე, 60 ნომერში  ოთარ ფარცხალაძის მიერ დაარსებული ორგანიზაცია ფუნქციონირებს.

"პირველებმა" გაარკვია, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ოფისში საგამოძიებო მოქმედებები  არ ჩატარებულა,  თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა გუშინ გრიგოლ ლილუაშვილი. 

"ეს ოფისი ხან მუშაობს და ხან არა. 3 დღის წინ გახსნილები იყვნენ. სამართალდამცველები აქ არ გვინახავს. ადამიანები არ დაგვინახია, მანქანა კი დავინახე, ზოგადად კი მუშაობს.

თვითონ ოფისში ვინც მუშაობს დადიან, ფარცხალაძის შვილი არ დამინახავს ერთი 3 თვეა, მანამდე კი დადიოდა. ჩხრეკა ნამდვილად არ ჩატარებულა, თორემ გავიგებდით". - ამბობენ ადგილობრივები.

სუს-ის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ჩატარდა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის ლილუაშვილი იმასაც ადასტურებდა, რომ სუს-ი ფარცხალაძის ახლო გარემოცვით არის დაინტერესებული. 

ცნობისთვის, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ორგანიზაცია დააფუძნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. შესაბამისად, სახდეპის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ფარცხალაძე ეფესბეს აგენტი იყო, ჩნდებოდა უამრავი კითხვა, ამ ოფისის მეშვეობით ხომ არ ეხმარებოდა აგრესორ რუსეთს, რომ სანქციებისთვის თავი აერიდებინა.

ჯერჯერობით გრიგოლ ლილუაშვილს პირობა არ შეუსრულებია და ამ დრომდე არ გავრცელებულა ოთარ ფარცხალაძის კადრები, თუ როგორ შედის ყოფილი გენერალური პროკურორი მოდულის შენობაში. გუშინ ლილუაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კადრებს გაასაჯაროებს.

მსგავსი სიახლეები