რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ შეუწყვიტა 2 კვირის წინ ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა? - ზარქუა

20.10.23 13:45
რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ შეუწყვიტა 2 კვირის წინ ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა? - ზარქუა

რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ შეუწყვიტა 2 კვირის წინ ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა? - ამ კითხვით სცადა "ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან გრიგოლ ლილუაშვილის დაცვა და განაცხადა, რომ სუს-ის უფროსს რევოლუციის სცენარის მოწყობაში მხილებას ვერ პატიობენ.

თქვენ რომ ხართ რადიკალების ჟურნალისტები, რატომ გიჩნდებათ კითხვა მაგალითად მოქმედ პრეზიდენტთან, მაშინ რატომ არ შეწყვიტა 2 კვირის წინ ბატონ ფარცხალაძეს მოქალაქეობა და გუშინ რატომ შეუწყვიტა თუ გუშინწინ, ეს კითხვა არ გაქვს?! სწორედ ამ უწყებამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამხილათ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტნიორები ქაოსის და რევოლუციის სცენარის მოწყობაში და ამას ვერ პატიობთ ახლა ბატონ ლილუაშვილს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გუშინ ლილუაშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძის რუსეთის მოქალაქეობით არ დაინტერესებულა, რადგან ის არ არის პოლიტიკაში და ასევე აღნიშნა, რომ ბევრს აქვს ორმაგი მოქალაქეობა.

ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ფარცხალაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლილუაშვილის ინფორმაციით, ფარცხალაძე სუს-ის მთავარ შენობაში გამოიკითხა. ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-მა მისი შენობაში შესვლის კადრები გამოაქვეყნოს.

სუს-ის უფროსი ამტკიცებს, რომ გამოკითხვის დროს ფარცხალაძისგან საგამოძიებო უწყებას იმაზე მეტი ინფორმაცია არ მიუღია, ვიდრე ეს თავად ჯაშუშობაში მხილებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თავად გააცნო საზოგადოებას.

ჯერჯერობით გრიგოლ ლილუაშვილს პირობა არ შეუსრულებია და ამ დრომდე არ გავრცელებულა ოთარ ფარცხალაძის კადრები, თუ როგორ შედის ყოფილი გენერალური პროკურორი მოდულის შენობაში. გუშინ ლილუაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კადრებს გაასაჯაროებს.

მსგავსი სიახლეები