ეს იქნება ვეტო ევროკავშირის დირექტივაზე - პაპუაშვილი ცენზურის კანონზე
"ეს იქნება ვეტო ევროკავშირის დირექტივაზე", - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცენზურის კანონზე პრეზიდენტისგან ვეტოს დადების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას.
შალვა პაპუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კანონში ცვლილებები ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად შევიდა და თუ ამას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, მაშინ ეს ზურაბიშვილის მხრიდან არაგონივრული იქნება.
აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით მანიპულაცია მიდიოდა. შინაარსობრივად არაფერი იცვლება, საუბარი რომ იყო სიძულვილის ენაზე, ტერორიზმზე, უხამსობაზე და.ა.შ. ეს ყველაფერი ისედაც წერია დღესაც კანონში, არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და პირდაპირი მოთხოვნაა ევროკავშირის, რომ თვითრეგულაციის სისტემა, რომელიც ჩვენ მაშინაც მივიღეთ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის შედეგად, ეს სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას, წერტილი. ამის შემდეგ, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, როგორი იყოს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით. ვეუბნებოდით, რომ ჩვენ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გვაქვს, ვარიანტები არის, მთავარია, გვითხრათ, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივის შესრულებას. ევროკავშირმა რომელზეც გვითხრა, ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ.
რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს, არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.