ხმაური საკრებულოში - ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ ზარნაძე სხდომათა დარბაზში პირველად გამოჩნდა
ხმაურის ფონზე მიდის სხდომა თბილისის საკრებულოში. ეს არის პირველი სხდომა ირაკლი ეძგვერაძის ცემის შემდეგ. სხდომათა დარბაზში ზის კოტე ზარნაძეც, რომელსაც დაზარალებული პოლიტიკოსი მასზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის მიუხედავად, დარბაზში გოგა ონიანი და ზვიად კუპრავა შევიდნენ. ოპოზიციას კითხვები ჭორვილასთან მომხდარ ძალადობრივ ინციდენტზე ჰქონდათ. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სოფო ჯაფარიძეს და სააკაშვილის მხარდამჭერებს „ოცნებამ“ საკუთარი პარტაქტივი დაუპირისპირა. მათ კითხვების დასმის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს.
სოფო ჯაფარიძეს გუშინ თქვენი აქტივისტები დახვდნენ ქვებით, კვერცხებით, გინებით, შეურაცხყოფით.
გლდანში მომხდარ ინციდენტზე ვსაუბრობ, განაცხადეთ, რომ თურმე ფრაქციაში, ცალსახა იყო, რომ მე მგულისხმობდით, რომ ფრაქციაში არსებობენ ადამიანები, ვისაც წამება და იარაღის ჩადება აქვს ნაღიარები. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ გლდანის საქმე იქნება გამოძიებული თქვენს პირობებში,“ - ამბობს ონიანი.
ონიანის განცხადებას კოტე ზარნაძემ უპასუხა და ოპოზიციონერი დაადანაშაულა იმაში, რომ მას საკრებულოში ნასამართლეობის ცნობა მიტანილი არ აქვს.
ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ნასამართლებია ჩადების, წამების მუხლით, აღიარებული აქვს - ერთი, არსებობს დაზარალებული - ორი, ამ საქმეზე არსებობს აღიარება და ცოცხალი თავით დღემდე არ მოაქვს ნასამართლეობის ცნობა საკრებულოში,“ - ამბობს ზარნაძე.
„ქართული ოცნების“ მხრიდან რომ არიან ეძგვერაძის თავდამსხმელები წახალისებულები, ამაში დარწმუნებულია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე.
საკრებულოს წევრი აქ გამოთქმული მისი მოსაზრებების გამო, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საკუთარი სახლის, საკუთარი მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემა. ამ ხალხს რომ არ ეგონოს, რომ რაღაც ტიპის მხარდაჭერა აქვს, რაღაც ტიპის მიმღებლობა აქვს ხელისუფლების მხრიდან, ეს ხალხი ვერ გაბედავდა ამ ყველაფრის გაკეთებას,“ - ამბობს ბუაძე.
ენმ საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს და სხდომაზე არ შედის. მიზეზი ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტი და უშედეგოდ მიმდინარე გამოძიებაა.