შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა, სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიგვიღია - გიორგი ადამია

20.10.23 15:47
შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა, სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიგვიღია - გიორგი ადამია

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი გიორგი ადამია ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადამია არასრულწლოვან შვილთან ერთად მოჰყვა მეწყერში და გადარჩა. 

როგორც გადარჩენილი წერს, სტიქიიდან 3 თვის შემდეგაც კი სახელმწიფოს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია - არც ფსიქოლოგიური დახმარება მიუღიათ და არც მატერიალური ზიანი ანაზღაურებიათ.

ადამია კონკრეტულ შემთხვევებზე წერს, როცა სახელმწიფოს დახმარების მიზნით მიმართა, თუმცა ან პირდაპირ უარი მიიღო ან უწყებებმა ერთმანეთთან გადაამისამართეს.

შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა. 3 აგვისტოს მე და ჩემს 6 წლის შვილს მოგვადგა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი. ჯერჯერობით სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიგვიღია, კერძოდ:

1. პროკურატურამ 2-ჯერ  უარი გვითხრა მე და ჩემთან ერთად  მყოფ  გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსის მიღებაზე.
 
2. რაჭის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმიმარტა, რომ მხოლოდ რაჭველებისთვის შეუძლიათ დახმარების გაწევა,  გადამამისამართეს კანცელარიაში. 

3. კანცელარიაში გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერაც  ვერ მივიღე.

4. ჯანდაცვის სამინისტროსგან თვეების წინ  შემოთავაზებული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელზეც თანხმობა განვაცხადე,  დღემდე არ მიგვიღია.

5. მეორე დღეს, 4  აგვისტოს  სენაკის კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის მისულს მომთხოვეს თანხის გადახდა, რაც შემდგომ კერძო დაზღვევამ დამიფინანსა. სენაკის მერიამ არც მოგვიკითხა ერთი ზარითაც კი. 

ამ ფოტოს ნახვის შემდეგ უფრო ვიაზრებ რა გამოვიარეთ . კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს," - წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი.

მსგავსი სიახლეები