უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუგებარია “ოცნებისა” და სუს-ის უფროსის განცხადება, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მტკიცებულებები და არ გვაძლევენო - მანჯგალაძე
"ჩემთვის უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუგებარია “ქართული ოცნებისა” და სუს-ის უფროსის განცხადება, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მტკიცებულებები და არ გვაძლევენო," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძეს “ქართულ ოცნების" ლიდერები არ დასჯიან.
ეს კიდევ უფრო მეტი არაპროფესიონალიზმია ვიდრე ის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ვერ გამოავლინეს წლების განმავლობაში რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები. აშშ-ს ჰყავს 16 სპეცსამსახურისგან შემდგარი უსაფრთხოების თანამეგობრობა და თუ არცერთი არ გეთანამშრომლება ეს ნიშნავს, რომ არ გენდობა და არ გიმხელს იმ წყაროებს რომლებმაც გამოავლინა საქართველოში ფარცხალაძის ჯაშუშური საქმიანობა.
ასევე პრიმიტიულია და დანაშაულებრივია ნარატივი, რომ თუ ამერიკა მტკიცებულებებს არ გვაწვდის ესეიგი ფარცხალაძე უდანაშაულოა და სულ ტყუილად დაასანქცირეს თურმე ის.
არ დაგვავიწყდეს, საუბარია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რუს ჯაშუშზე და იმდენად ჩამოშლილია ჩვენი სტრუქტურა რომ ჯაშუშის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც ვერ მოიპოვეს აგენტობის და ჯაშუშობის მტკიცებულებები მაშინ როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს.
სინამდვილეში მთავარი პრობლემა არის ის, რომ გაშიფრულ აგენტ ფარცხალაძეს “ქართულ ოცნებაში” მყოფი გაუშიფრავი აგენტები არ და ვერ დასჯიან,” - ამბობს პაატა მანჯგალაძე.