"მათ პოლიტიკა მოკლეს..."- ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია "ოცნების" მიერ შექმნილ დღის წესრიგს მიყვება

20.10.23 21:20
"მათ პოლიტიკა მოკლეს..."- ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია "ოცნების" მიერ შექმნილ დღის წესრიგს მიყვება

"დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს - გამოცდილი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსებმა პოლიტიკა მოკლეს. 

ბურჯანაძე ოპოზიციასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპოზიცია დღის წესრიგს ვეღარ ქმნის და მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს მიჰყვება.

მე პოლიტიკოსი ვარ და ყურადღებით ვუყურებ პროცესებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მე როგორც პოლიტიკოსს არ მინდა, რომ სპექტაკლის მონაწილე ვიყო. ჩემი საქმეა, რომ ამ ყველაფერს თვალი ვადევნო. მათ პოლიტიკა მოკლეს და საზოგადოებას სპექტაკლს აყურებინებენ, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი კოლეგები ჩაერთნენ. იმპიჩმენტის პროცესი კომედია არ არის, მაგრამ შეიძლება, დრამა იყოს - აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაკნინდა. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმ დეპუტატებს აკრიტიკებს, რომლებიც პრეზიდენტის პარლამენტში სხდომაზე გამოჩენისას მთავარსარდალს ფეხზე არ წამოუდგნენ.

ფაქტი არის ერთი, რომ ქვეყანაში ძირითადი თემები უკანა ფონზე არის გადაწეულია. ოპოზიცია არ ქმნის საკუთარ დღის წესრიგს, ისინი "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ დღის წესრიგს მიყვებიან. ცუდია ის, რომ დაკნინდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ცუდია ის, რომ საზოგადოება ხედავს იმას, რომ დეპუტატები, რომლებიც ხელფასს იღებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემენ და როცა პრეზიდენტი დარბაზში შემოდის, შენ ფეხზე არ დგები. პოლიტიკამ არ იცის ქალი და კაცი. ადამიანი როდესაც პრეზიდენტია, სულ რომ არ ეთანხმებოდა მას ვალდებული ხარ, რომ პატივი სცე პრეზიდენტის ინსტიტუტს - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები