პრეზიდენტის შეხვედრებმა კითხვის ნიშნები გააჩინა - ბურჯანაძე
"დემოკრატიული საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით კითხვები აქვს - ამის შესახებ პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"თუ შენ ნებართვას ითხოვ, ესე იგი თვლი, რომ ნებართვა გჭირდება" - თქვა ბურჯანაძემ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".
პრეზიდენტის ინსტიტუტი დაკნინდა იგივე მისი ვიზიტებით. პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით კითხვები ძალიან ბევრია. რა ხდება, რა ტიპის ვიზიტებია. მე მიჭირს იურიდიულ დეტალებში შესვლა, მაგრამ თუ შენ ნებართვას ითხოვ, ესე იგი თვლი, რომ ნებართვა გჭირდება. როცა ნებართვას არ გაძლევენ და მაინც მიდიხარ, ეს შენი ნებაა. პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშეწყობის მიზნით. მე კიდე ერთხელ ვამბობ, რაღაც ვიცი, რაღაც კითხვის ნიშნები მაქვს, მე არ ვიცი ყველა დეტალი ამ ვიზიტებთან დაკავშირებით - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მას ყურში მოხვდა და გაუკვირდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბაზელში ვიზიტი - "ბაზელში რა მოლაპარაკება უნდა გამართო, არ ვიცი" - განაცხადა "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მოქმედებებთან, განცხადებებთან, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხებიც არ ჩანს.
გამიკვირდა და ყურში მომხვდა მისი ვიზიტი ბაზელში. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ბაზელში რა მოლაპარაკება უნდა გამართო, არ ვიცი. ბაზელს სხვა სპეციფიკა აქვს, მე არ მინდა შეთქმულების თეორიაში შევიდე, მაგრამ ბაზელში ვიზიტმა გარკვეული კითხვის ნიშნები გამიჩინა. კითხვის ნიშნები პრეზიდენტის მოქმედებებთან, განცხადებებთან, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს და ამ კითხვის ნიშნებზე პასუხები არ არის. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი ვიზიტები მხოლოდ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით შემოიფარგლებოდა. თუ რა მიზანი ჰქონდა მას, მალე გამოჩნდება - აღნიშნა მან.