ფარცხალაძე "ოცნების" ქურდულ სამყაროსთან კონტაქტებს აკონტროლებს - ბარამიძე

20.10.23 23:24
ფარცხალაძე "ოცნების" ქურდულ სამყაროსთან კონტაქტებს აკონტროლებს - ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე აშშ-ის მიერ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სანქცირებული ფარცხალაძე კრიმინალური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომელიც "ოცნების" ქურდულ სამყაროსთან კონტაქტებს აკონტროლებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია საქმეს იურიდიული თვალსაზრისით აუცილებლად "ჩაფარცხავს", რადგან "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სისხლს წოვს, ხოლო ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ძალადობრივი ქმედებების განხორციელებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენას უზრუნველყოფენ.

იურიდიულად ნათელი არის, რომ ამ საქმეს ჩაფარცხავენ. მათთვის ეს საკითხი თავიდანვე დახურული იყო, რადგან გამორიცხულია, რომ მათი ამ მაფიოზური კრიმინალური სისტემის ერთ-ერთ მთავარ საყრდენთან მიმართებით შესაბამისი მუხლები განახორციელონ, ამით მათი მთელი სისტემა ჩამოიშლებოდა. ფარცხალაძე "ქართული ოცნების" კონტაქტებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან, ქურდულ სამყაროსთან აკონტროლებს. მათ იციან, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ეს სისტემა ყვავის. ქურდული სამყარო ყველა მიმართულებით დაბრუნდა ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, რეკეტის სახითაც. დაყოფილი აქვთ ვალდებულებები. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ სისხლს წოვს და ისინი ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ დარჩეს პოლიტიკაში - აღნიშნა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები