EU მხოლოდ ეკონომიკური კავშირი არ არის - გერმანიის ელჩის პასუხი პაპუაშვილს
გერმანიის ელჩის პასუხი შალვა პაპუაშვილს. ევროპელი დიპლომატი პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანებაა არ არის. პეტერ ფიშერი იტყობინება, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ღირებულებებიც, მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია.
"ბატონო სპიკერო, გეთანხმებით საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე. მაგრამ, ევროკავშირი პირველ რიგში არ არის ეკონომიკური კავშირი. ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი: „ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებზე...“
მუხ. 3 "ევროკავშირის მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობას, მის ღირებულებებს და ხალხების კეთილდღეობას." დაწერა დიპლომატმა ტვიტერზე.
ფიშერის ასეთი პასუხი პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პლატფორმა იქსზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა რომ 2023 წლისთვის საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე აღემატება უკრაინის და მოლდოვის მაჩვენებელს.
"საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური თვალსაზრისით.
ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მისი წევრობის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაწევრიანებამდე ეკონომიკური სტაბილურობისა და სიმდიდრის უზრუნველყოფა.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე გადალახა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის დონე“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა." დაწერა პაპუაშვილმა.