პრორუსული ძალების შეკრება და მზადება აქციების გასანეიტრალებლად - რადიკალების თავყრილობაზე ფრიდონ ინჯიაც მივიდა
პრორუსული ძალების დიდი შეკრება საქართველოში. უკვე ორი საათია, მცხეთის სასტუმროში, რადიკალები ალაგებენ გეგმებს, როგორ უნდა გაანეიტრალონ აქციები თბილისში, თუ კი ხალხი ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვა და მთავრობას მოსთხოვს, რომ გააკეთოს ყველაფერი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ცოტა ხნის წინ, რადიკალების თავყრილობას ფრიდონ ინჯიაც შეუერთდა.
დღეს დადასტურდა ის, რასაც ამდენი ხანია სამოქალაქო სექტორი ამტკიცებს - პრორუსული ძალები პირდაპირ კავშირში არიან სუს-თან. მათ სწორედ სუს-ის განცხადება გამოიყენეს დღევანდელი შეკრების და ახალი რადიკალური მოძრაობის საფუძვლად, რომ თითქოს საქართველოში "უკრაინული მაიდნის" მსგავსი მოვლენები იგეგმება.
5 ივლისის დარბევის ორგანიზატორები კი ახალ არეულობას აანონსებენ და ამბობენ, რომ მზადებას იწყებენ.
ძაან კარგია და ვემხრობი, რომ იყო ფართო, საყოველთაო სახალხო მოძრაობა, რომ არ მოხდეს მაიდანი, რევოლუცია, ლიბერასტული ძალის გამარჯვება. ჩვენ წინასწარ ვემზადებით, რომ რამე არ მოხდეს".- ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.
ღონისძიებაზე დაპატიჟეს ყველა, ვინც საზოგადოებას თავი ხელისუფლების მხარდამჭერი მესიჯებით დაამახსოვრეს. მიწვეულთა სიაში იყვნენ ხათუნა ხოფერია და თორნიკე მოლაშვილიც, თუმცა ისინი შეკრებაზე არ მისულან.