ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია - პარლამენტთან ხვალ აქცია გაიმართება

23.10.23 11:37
ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია - პარლამენტთან ხვალ აქცია გაიმართება

აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პატიმრის ჯანმრთელობა ბოლო დღეებია დამძიმდა. ოჯახი შველას და სახელმწიფოს მოქმედებას ითხოვს. თბილისმა უნდა გააძლიეროს დე ფაქტო რეჟიმზე ზეწოლა და გამოიყენოს ყველა ბერკეტი რომ ე.წ აფხაზეთის დროშის დაწვის გამო სოხუმის ციხეში გამომწყვდეული ახალგაზრდა გაათავისუფლოს - ამ მიმართვის ადრესატი პრემიერი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი არიან.

უკანონო პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ პარლამენტის წინ 19:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. შეკრებილები ღარიბაშვილის მთავრობას მოსთხოვენ სოხუმთან მოლაპარაკებას, რომ ირაკლი ბებუა ციხიდან კლინიკაში გადაიყვანონ.

პატიმრის ბიძაშვილის თქმით, "დღეს ხვალის" პრინციპით უკვე 3 წელია გასული, მაგრამ ისინი რეალურ შედეგზე ვერ გადიან, ამის გამო, ბებუას ოჯახი მოითხოვს დღესვე გაათავისუფლონ პატიმარი ტყვეობიდან. გარდა ამისა, ოჯახი გეგმავს, არასამთავრობოების საშუალებით ხმა მიაწვდინონ საერთაშორისო პლატფორმას.

რა თქმა უნდა არის განცდა იმისა, რომ ოჯახი ხელისუფლებისგან არის უყურადღებოდ მიტოვებული. სახელმწიფოსგან ვითხოვთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმიტომ, რომ დღეს ხვალის პრინციპით უკვე 3 წელი გავიდა და რეალურ შედეგზე ვერ გავდივართ, შესაბამისად არ გვინდა დღეს ხვალ, გვინდა სასწრაფოდ დღეს ირაკლის გათავისუფლება. კომუნიკაცია ჩვენ მუდმივად გვაქვს სუსთან, ანალიტიკურ სამსახურთან უფრო კონკრეტულად, თუმცა სიახლეები ირაკლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის.

როცა კუჭი აწუხებს ან თავი აწუხებს მას აძლევენ მედიკამენტებს, თუმცა მისი ქრონიკული დაავადების გამო რა თქმა უნდა მისი სწორი მკურნალობა ვერ ხორციელდება, რადგან ადგილზე ამის საშუალება რეალურად არ არის. ჩვენ არასამთავრობოების საშუალებით ვაპირებთ და უკვე ვიწყებთ და დავიწყეთ კიდეც წერილების გაგზავნა და ვაპირებთ საერთაშორისო პლატფორმაზე ხმამაღლა მის ჯანმრთელობის შესახებ საუბარს. სამშაბათს პარლამენტის წინ იგეგმება ირაკლის მხარდასაჭერი აქცია 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე", - ამბობს ირაკლი ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუა.

შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე.  

მსგავსი სიახლეები