"თბილისი კალაძის საცობების გარეშე" - დედაქალაქში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს ენმ საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება
"თბილისი კალაძის საცობების გარეშე" - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, მარშალ გელოვანის გამზირზე, საცობებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა.
“დღეს თბილისში ყოველდღიურ პრობლემად იქცა საავტომობილო საცობები, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კალაძის საცობები. ადამიანებს უწევთ საათობით დგომა საცობში, რომ, ელემენტარულად, გადაადგილდნენ ერთი უბნიდან მეორეში, მივიდნენ სამსახურებში, უნივერსიტეტებში, ბავშვები მიიყვანონ სკოლაში და ა.შ. სახეზეა სატრანსპორტო კოლაფსი.
ფაქტია, კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა, ჩავარდნილმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, სატრანსპორტო კოლაფსამდე მიგვიყვანა.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც უნდა აშენებულიყო ორ დონიანი საავტომობილო ესტაკადა და დაკიდული ხიდი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს დააკავშირებდა სამტრედიის ქუჩასთან, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავდა “ვეფხი და მოყმის” სატრანსპორტო კვანძს და ადამიანებს არ მოუწევდათ საათობით საცობში დგომა.”- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ბიუჯეტიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კოლოსალური თანხები იხარჯება, თუმცა დედაქალაქში საცობების მხრვი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
თითქმის ორი მილიარდი ლარი არის დედაქალაქის ბიუჯეტი, საიდანაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ყოველწლიურად სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის იხარჯება, მაგრამ რა ეტყობა ამ ქალაქს, არ დარჩა ქალაქში არცერთი რაიონი, არცერთი უბანი და არცერთი ქუჩა, სადაც, პრაქტიკულად, 24 საათიანი კალაძის საცობები არ იყოს. ჩვენ დღეს ვართ მარშალ გელოვანზე და აღმაშენებლის ხეივნიდან მოყოლებული, ამ კონკრეტული ლოკაციით დამთავრებული, ფაქტობრივად, არის უწყვეტი საცობი და ასეთი სიტუაციაა მთელს ქალაქში, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ყოველდღიურად მივიდეთ იმ მძიმე ლოკაციებზე და შევახსენოთ კახი კალაძეს და თბილისელებს, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ამ ქალაქში ბიუჯეტი დაიგეგმოს შესაბამისად, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც იყო დაგეგმილი, რომელიც მიეხმარება ქალაქს, რომ აღარ იყოს საცობები, ვიბრძოლებთ, რომ ყველა ეს პროექტი იყოს ბიუჯეტში ჩადებული. თბილისი უნდა იყოს საცობების გარეშე და თბილისი უნდა იყოს კახი კალაძის საცობების გარეშე. ბევრი პრობლემაა, ადამიანებს ბავშვი ვერ წაუყვანიათ სკოლაში, ბაღში ვერ მიუყვანიათ, სასწრაფო ვერ მისულა, რადგან გაუვალი გახდა ეს ქალაქი და ამ არასწორმა სატრანსპორტო პოლიტიკამ, კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად, დაამძიმა და მანამ, სანამ კახი კალაძეს და „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, სიტუაცია დღითი-დღე უფრო დამძიმდება, ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ამ ქალაქში აღარ იყოს საცობები.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ