კრიტიკასაც ვერ უძლებს და საგანგაშოა - SJC უხამსობის რეგულირებაზე
„მარეგულირებელ კომისიაზე დამატებითი ძალაუფლების გადაცემა კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებაში ჩარევისა და მათი დასჯის მომეტებულ რისკს შეიცავს”, – ასე აფასებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" „უხამსობის მარეგულირებელ” კანონს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ "მაუწყებლობის კანონში" შეტანილი ცვლილებები „საქართველოში მედია ორგანიზაციების კონტროლისა და ცენზურის დაწესების საფრთხეს ზრდის”.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით არის ის, რომ კანონი პარლამენტმა ნაჩქარევად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხზე დაწყებული კონსულტირების პროცესის დასრულების გარეშე მიიღო.
„19 ოქტომბერს მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებები, რაც განსაკუთრებულად აფართოებს ეროვნული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს ჩაერიოს მაუწყებლების პროგრამების შინაარსში, საქართველოში მედია ორგანიზაციების კონტროლისა და ცენზურის დაწესების საფრთხეს ზრდის. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში პრობლემური ცვლილებები იმდენად ნაჩქარევად მიიღო, რომ სამოქალქო საზოგადოებასთან ამ საკითხზე დაწყებული კონსულტირების პროცესი არც კი დაასრულა.
ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტი, საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული აღნიშნული ცვლილებები, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ასევე ნაჩქარებად გატარებულ ცვლილებებთან ერთად[27], რომელიც შეკრებების დროს პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის, ქვეყანაში დემოკრატიულ და პლურალისტურ გარემოს მკვეთრად შეზღუდავს.
ეს ცვლილებები შეუსაბამობაში მოდის როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ უფლებრივ სტანდარტებთან, ისე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეროვნულ ინტერესებთან და სულისკვეთებასთან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის მკვეთრად დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება მისი უფლებრივი და სოციალური კრიტიკის მიღმა, (გეო)პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტიკასაც ვერ უძლებს და საგანგაშოა”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.