ყოფილი დეპუტატები და მინისტრები გახარიასთან - ვისთან ითანამშრომლებს ყოფილი პრემიერი საარჩევნოდ
"ჩვენ 2024-ის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციას არ განვიხილავთ," - ამ განცხადებით პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარტიის პოზიცია გაახმოვანა. პარტია "საქართველოსთვის" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციას რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გამორიცხავს.
თუმცა დაუშვილი ადასტურებს, რომ პარტიის ლიდერებს მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებიც. დაუშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კონკრეტული გვარების დასახელებისგან, ვისთან აწარმოებს პარტია მოლაპარაკებებს.
რაც შეეხება, გახარიას გუნდში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნახვას, როგორც დაუშვილი ამბობს, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს ერთი მოვალეობა აქვს, დააახლოოს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
რაც შეეხება კონკრეტულ და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ - ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ დეპუტატებთან, მათთან ვფიქრობთ თანამშრომლობას და როგორც კი ამ კუთხით ხელშესახები შედეგი იქნება, მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია, ვისთანაც ვითანამშრომლებთ.
რაც შეეხება პრეზიდენტს, ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა იქ, სადაც ის ბრძანდება და უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაეხმაროს ქვეყანას ევროინტეგრაციაში. შესაბამისად, რაიმე ტიპის საუბრები ამ კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა,“ - ამბობს დაუშვილი.