იქნება თუ არა ვეტო? - "პირველების" ინფორმაციით, მედიაცენზურის კანონზე დეტალებს პრეზიდენტი ევროკავშირთან პირადად არკვევს
რა რეკომენდაციები ჰქონდა ევროკავშირს მაუწყებლის შესახებ კანონზე - "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტი ახლა ევროგაერთიანებასთან პირადად არკვევს ამ საკითხს.
ზურაბიშვილს აინტერესებს, რისი შეცვლა უნდოდა მოქმედ კანონში ევროპას და რა შეცვალა რეალურად მმართველმა პარტიამ. სწორედ ამ პასუხის შემდეგ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დაადოს თუ არა მედია ცენზურის შესახებ კანონს ვეტო.
წყარო ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან "პირველებს" უყვება, რომ ევროკავშირთან კომუნიკაცია მიმოწერის სახით შედგა.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოებს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა.
კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.