რატომ მიატოვა პრორუსმა დავით ხიდაშელმა რიყის პარკის "დოქების" პროექტი
კალაძემ არ იცის რატომ მიატოვა პრორუსმა ოლიგარქმა დავით ხიდაშელმა "დოქების" პროექტი. გრანდიოზული პროექტი მხოლოდ სიტყვებად დარჩა, რიყეზე თითი თითზე არ არის დადებული. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრორუსმა ბიზნესმენმა საქართველოში ფული გაათეთრა და ამაში საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყო ხელი.
კალაძის თქმით, ე.წ. რიყის პარკში მდებარე "დოქების" კონსტრუქციის საკითხს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს პასუხი. კალაძე ამბობს იმასაც, რომ თუ კონკრეტული პროექტის ინვესტორი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ ის ჯარიმდება და აღნიშნული პროექტი უკან მიაქვთ.
არ ვიცი, ეგ ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეკონომიკის სამინისტროდა იმიტომ, რომ მათ ბალანსზე არსებული ქონებებია და მათ მიჰყავდათ აღნიშნული საკითხები. არ ვიცნობ აღნიშნულ ქეისს, არ არის მერიის თემა, თუ არ ვცდები ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებაა და თუ ადამიანი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ცხადია მასზე ვერ მოხდება გადაცემა შესაბამისი ტერიტორიის, ნებისმიერი სახის გარიგების დროს და ჩვენც გვქონია შემთხვევები, კომპანია იღებს ვალდებულებას, მაგალითად შეასრულოს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი. თუ ის ვერ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, რა თქმა უნდა ჩვენ ვაჯარიმებთ მას და აღნიშნული პროექტი მოგვაქვს უკან", - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.
რაც შეეხება ოპოზიციას "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ივანიშვილ-ხიდაშელის ალიანსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოლიგარქი არათუ ცდილობს დისტანცირებას ხიდაშელისგან, არამედ მას ახალი, უფრო მომგებიანი სქემის არსებობა სჭირდება.
მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ცდილობს დისტანცირებას კონკრეტული ადამიანისგან, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ახალი უფრო მომგებიანი სქემის არსებობა სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. ფინანსური კაპიტალის გადალაგებით რა თქმა უნდა არ იცვლება არანაირი შედეგი", - ამბობს "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, უკვე ერთი წელია თბილისში რიყის პარკის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე შენობა "დოქები" რუსმა ბიზნესმენმა იყიდა, თუმცა ის დღემდე მიტოვებულია.