რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ვერც ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ - კალაძე

23.10.23 15:31
რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ვერც ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ - კალაძე

"2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

კითხვაზე - რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტად არის დასახელებული, კახა კალაძე პასუხობს, რომ რადიკალური ოპოზიციის სახით, საქართველოში უამრავი აგენტი არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს.

ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა.

ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას - მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები