მშობლებთან არ არსებობს კომუნიკაცია, ვითხოვთ პასუხს შესაბამისი უწყებებისგან და პირებისგან - საპროტესტო აქცია დადიანზე
ამ წუთებში დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მე-11 საჯარო სკოლასთან მისულმა სკოლის მოსწავლეების მშობლებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ადგილზე შეკრებილი მშობლები ითხოვენ პასუხს, თუ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა. მათ არაერთხელ მიმართეს განათლების სამინისტროსაც, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე საათის განმავლობაში დადიანის ქუჩა აქციის მონაწილეებს ჰქონდათ გადაკეტილი.
ამ წუთებში მშობლებთან ერთად იმყოფება "ლელოს" წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი. მისი თქმით, 3 წელია, რაც აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, შენობა დანგრეულია, ხოლო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებულები.
ჩვენ ახლა შეკრებილი ვართ მე-11 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, გუშინ დაანონსდა ეს აქცია მშობლების მიერ. ინფორმაცია ჰქონდა განათლების სამინისტროსაც, მაგრამ მათგან ადგილზე აქციის განმავლობაში არავინ მოსულა, არავის გაუცია კონკრეტული პასუხი თუ როდის დაიწყებოდა სკოლის მშენებლობა. მესამე წელია რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და მშობლები მივიდნენ უკიდურეს ზომამდე, რომ გადაეკეტათ გზა, რადგან არ გამოჩნდა არავინ ვინც მოვიდოდა, არც დირექციიდან, არც განათლების სამინისტროდან, რომელიც ამ ადამიანებს დაელაპარაკებოდა და ეტყოდნენ რაში იყო პრობლემა. მათი შვილები უკვე წლების განმავლობაში დაჰყავთ მიკროავტობუსებით, აქედან კილომეტრობით დაშორებულ სკოლებში, ამის გამო ბავშვები სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვეღარ დადიან სხვა წრეებზე როგორიც არის ინგლისური და სხვა უცხო ენები, ასევე სპორტზე, რადგან ძირითად დროს ხარჯავენ გზაში", - ამბობს "ლელოს" წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი.
ჩერქეზიშვილი ეხმაურება ქალაქში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსსაც და ამბობს, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც საკუთარ მანქანებში სხედან "ჭკუიდან გადაჰყავს" ქალაქში შექმნილ საცობებს, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეები რა მდგომარეობაში იქნებიან, რომლებიც 3 წლის განმავლობაში მარშუტკებით გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე და კარგავენ უძვირფასეს დროს.
ჩერქეზიშვილმა დანგრეული სკოლა ღაზას სექტორსაც შეადარა და თქვა, რომ მძიმე სიტუაციამ და კომუნიკაციის არ არსებობამ მიიყვანა მშობლები ამ უკიდურეს ნაბიჯამდე, რომ გადაეკეტათ გზა და მოეთხოვათ პასუხი შესაბამისი უწყებებისგან და პირებისგან.
ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, საკუთარ მანქანებში ვსხედვართ და ჩვენ გადავყავართ ჭკუიდან საცობებს და წარმოიდგინეთ პირველი, მეორე, მესამე კლასელი ბავშვები, რომლებიც 3 წლის განმავლობაში მარშუტკებით გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეზე და ამაში კარგავენ უძვირფასეს დროს, რომელიც უნდა მოახმარონ სწავლას, გართობას, სხვადასხვა წრეზე სიარულს. 3 წელია გრძელდება ეს პროცესი, ახლა ღაზას სექტორს ჰგავს აქაურობა. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში მე-4 საჯარო სკოლა, 113-ე საჯარო სკოლა, მე-10 საჯარო სკოლა, მე-14 საჯარო სკოლა. არ ვიცი რატომ ამოიჩემეს ასე ეს უბანი, სრული კოლაფსია სკოლების მიმართულებით. არანაირი კომუნიკაცია და ჯანსაღი ურთიერთობა მშობლებთან არ არსებობს, ამიტომ მივედით ამ უკიდურეს ნაბიჯამდე, რომ გადაგვეკეტა გზა და მოგვეთხოვა პასუხი შესაბამისი უწყებებისგან და პირებისგან", - ამბობს "ლელოს" წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი.