პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში ყოფნას არ აპირებს - აუდიენცია დასრულდა

23.10.23 16:56
პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში ყოფნას არ აპირებს - აუდიენცია დასრულდა

სალომე ზურაბიშვილი შიდა პატიმრობაში ყოფნას არ აპირებს. საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და მოლაპარაკებებს  ევროპელ ლიდერებთან გააგრძელებს - ეს განცდა დარჩათ "ოცნების" ყოფილ წევრებს და არასამთავრობოების ხელმძღვანელს, რომლებიც ათონელის სასახლეში ზურაბიშვილს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

ირკვევა, რომ პრეზიდენტის მთელი ყურადღება ახლა ევროკომისიის ანგარიშისკენაა მიმართული.  დოკუმენტისკენ, რომლითაც გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველოო კანდიდატის სტატუსს.

ჩვენ ხშირად გვიწევს სხვადასხვა ვიზიტები, მათ შორის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში და აქ პრინციპში მანაც განაცხადა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ყოველ ვიზიტზე შევხვდეთ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება სტატუსზე გადაწყვეტილება მიიღონ. არ ვიცი ფიზიკურად წავა თუ არა, თუმცა ის, რომ თავის ყველა ამ კავშირებს გამოიყენებს ეს არის ფაქტი და მას აქვს ნამდვილად უფრო მეტი კავშირი ვიდრე მმართველ პარტიას და უფრო სერიოზული გავლენები ევროპელ ლიდერებზე, ვიდრე მმართველ პარტიას და შესაბამისად იგი ამ ყველაფერს გამოიყენებს, არ დაიხევს უკან", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ყოფილი სახალხო დამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ ევროკავშირის გზაზე, პრეზიდენტმა და მესამე სექტორმა ერთად იმუშაონ.  

რაც შეეხება პრეზიდენტის სამოქმედო გეგმას, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი: 

შეიძლება გარკვეული მიმართულებით ერთადაც მუშაობა, გარკვეული მიმართულებებით ცალ-ცალკე, თუმცა კოორდინირებით. გადამწყვეტი მომენტი დგება 2 თვეში მაქსიმუმ ჩვენ გვექნება პასუხი სტატუსთან დაკავშირებით, სტატუსის მიღების შემდგომ არის მთავარი სამუშაო გასაკეთებელი, ამაზეც ვისაუბრეთ, თუმცა დღეს იყო უფრო ერთ პოზიციაზე, როგორ ვხედავთ და ვხედავთ თუ არა დაახლოებით ერთნაირად მომავალ პერიოდს და ჩვენ როლს ამ პერიოდში. მისი კონკრეტული გეგმები არ გაუცნია, თუმცა როგორც ვიცი, გახდება უახლოეს პერიოდში საჯაროდ ცნობილი", - ამბობს ნინო ლომჯარია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი "პირველებს" ეუბნება, რომ თუ საჭიროება დადგება პრეზიდენტი მზადაა, სტატუსის მოსაპოვებლად,  გაგრძელოს ურთიერთობა ყველა ევროპული და არამხოლოდ ევროპული ქვეყნის ლიდერთან. 

რა თქმა უნდა, თუ საჭიროება დადგა, სალომე ზურაბიშვილი მზად არის, რომ გააგრძელოს ურთიერთობა ყველა ევროპული და არამხოლოდ ევროპული, ყველა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს ლიდერთან, თუმცა 8 ნოემბრამდე სანამ კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება ცოტა დროა დარჩენილი და ამიტომ მთავარი არის, რომ თბილისიდან წასული გზავნილები იმ ადამიანებისგან, ვინც ერთმნიშვნელოვნად ევროპული ინტეგრაციის მომხრეა სისტემატიზირებული და კოორდინირებული იყოს", - დასძინა თინა ხიდაშელმა. 

რაც შეეხება იმპიჩმენტს, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა "პირველებს" უთხრა, რომ ზურაბიშვილთან ადვოკატები სამართლებრივ კონსულტაციებს არ გადიან. 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა როდესაც ჩავარდა ის დაბრუნდა იმ სტატუს კვო-ში, რომელიც არსებობდა იმპიჩმენტის საკითხის აღძვრამდე: 

არ გავდივართ სამართლებრივ კონსულტაციას და მე ვფიქრობ, მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი კონსულტაციის გავლის საჭიროება, იმპიჩმენტის პროცედურა როდესაც ჩავარდა ის დაბრუნდა იმ სტატუს კვო-ში, რომელიც არსებობდა იმპიჩმენტის საკითხის აღძვრამდე. არაფერი ახალი არ არის, ის როგორც ოპერირებდა ისევე შეუძლია გააგრძელოს და მე დარწმუნებული ვარ და ვხვდები, განწყობაც აქვს, რომ მან გააკეთოს მაქსიმალური და არ აპირებს თავი შეიბოჭოს თავსმოხვეული შეზღუდვებით. მე ვფიქრობ,. რომ ძალიან ბევრი რამე იქნება მისი მხრიდან, ზუსტად ვერ გეტყვით რა შეხვედრა იქნება, ან რა ფორმით, მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი განცდა მაქვს, რომ ის არანაირად არ აპირებს, რომ გვერდიდან უყუროს პროცესებს", - თამარ ჩუგოშვილი.

პრეზიდენტი ეკა გიგაურს, ნინო ლომჯარიას, თინა ხიდაშელსა  თამარ ჩუგოშვილს 3 საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. 

მსგავსი სიახლეები