ზურაბიშვილი უკან არ დაიხევს, მას უფრო მეტი გავლენები აქვს ევროპელ ლიდერებზე, ვიდრე მმართველ პარტიას - ეკა გიგაური
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური სალომე ზურაბიშვილს ვიზიტების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თითოეულ ევროპელ ლიდერთან შეხვედრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით მნიშვნელოვანია.
გიგაური დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკან არ დაიხევს, რადგან ზურაბიშვილს გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე მმართველ პარტიას.
ჩვენ ხშირად გვიწევს სხვადასხვა ვიზიტები, მათ შორის, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში და აქ პრინციპში მანაც განაცხადა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ყოველ ვიზიტზე შევხვდეთ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება სტატუსზე გადაწყვეტილება მიიღონ. არ ვიცი ფიზიკურად წავა თუ არა, თუმცა ის, რომ თავის ყველა ამ კავშირებს გამოიყენებს ეს არის ფაქტი და მას აქვს ნამდვილად უფრო მეტი კავშირი ვიდრე მმართველ პარტიას და უფრო სერიოზული გავლენები ევროპელ ლიდერებზე, ვიდრე მმართველ პარტიას და შესაბამისად იგი ამ ყველაფერს გამოიყენებს, არ დაიხევს უკან - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ეკა გიგაურს, ნინო ლომჯარიას, თინა ხიდაშელსა და თამარ ჩუგოშვილს 3 საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.