მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ხიდაშელისთვის ტყეები არავის გადაუცია - დავითაშვილი

23.10.23 18:35
მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ხიდაშელისთვის ტყეები არავის გადაუცია - დავითაშვილი

ეკონომისტის მინისტრი ლევან დავითაშვილი რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ხიდაშელზე რაჭის ტყეების გადაცემის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.

დავითაშვილის მტკიცებით, "ქართულ ოცნებას" დავით ხიდაშელისთვის ტყეები არ გადაუცია, რადგან საუბარი არა ტყის გასხვისებაზე, არამედ სანადირო ლიცენზიის გაცემაზეა.

არ არსებობს, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის შესაბამისად და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება რაჭის ლიცენზიასთან დაკავშირებულ საკითხს, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ტყის გადაცემა და ტყის გასხვისება არ ხდება, როცა საუბარია სანადირო ლიცენზიაზე. ეს, სამწუხაროდ, საზოგადოებას არასწორად მიეწოდება ხოლმე. სანადირო ლიცენზია ნიშნავს ნადირობის, როგორც ბუნებრივი რესურსის ლიცენზიას ანუ უფლების გადაცემას კონკრეტული ინვესტორისთვის კონკრეტული ვალდებულებებისა და პირობების შესასრულებლად, რომლებიც აუქციონის გზით ხდება ხოლმე. ასე რომ, არავის რაჭის ტყე არავისთვის არ მიუცია, არც მისცემდა და ამის ლეგალური საფუძველიც არ არსებობს, ქვეყანაში კანონმდებლობა ამას არც განსაზღვრავს და ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო სტანდარტული პროცესი, როდესაც საქართველოში სანადირო საქმის განვითარებისთვის ინვესტორს შეიძლება მიეცეს კონკრეტულ არეალზე სანადირო საქმის განვითარების უფლება. ის ძირითადად უფრო პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს ასეთი ინვესტორის მხრიდან, რაც არ არის მარტივი, დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ვალდებულებები არ არის შესრულებული, ამიტომ ისინი იწყებენ სამართლებრივ პროცესს, რაც ასევე ბუნებრივი პროცესია, ასეთი ბევრ სანადირო მეურნეობასთან ჰქონია გარემოს დაცვის სამინისტროს - აღნიშნა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები