გამგეობა მზად არის, დაზარალებულები საცხოვრებლით უზრუნველყოს - ისნის მაჟორიტარი

23.10.23 20:17
გამგეობა მზად არის, დაზარალებულები საცხოვრებლით უზრუნველყოს - ისნის მაჟორიტარი

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას  იღებს.

კახა ლაბუჩიძის თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება და ოჯახების აღწერას აწარმოებენ.

გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ, ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება ცხოვრება, გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში.

მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება.

ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

მსგავსი სიახლეები