აღმოჩნდება თუ არა ზურაბიშვილი მეორე პრეზიდენტი, ვისაც ოცნება ციხეში გაუშვებს? - შოთაძის პირველი კომენტარი
მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტზე - "პირველებს" ირაკლი შოთაძემ დაუდასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება ახლაც გრძელდება.
საქმე 2019 წელს ზურაბიშვილის მიერ ციხიდან გამოშვებულ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებას ეხება.
დღეს "პირველებმა" გენერალურ პროკურორს კითხა, რატომ არ იხურება ეს საქმე და რატომ შემოდეს თაროზე - შოთაძე ამბობს, რომ ძიება გრძელდება.
ახლა ჩნდება კითხვა - რა ვერ გამოიძიეს 4 წლის განმავლობაში და ხომ არ გახდება სკანდალური შეწყალების საქმე "ოცნების" ხელში ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ერთ-ერთი ბერკეტი.
"პირველების" კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ (შეწყალების საქმეზე) გამოძიება გრძელდება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - დასძინა შოთაძემ.
"პირველების" კორესპონდენტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე პასუხობს, რომ "გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.
რაც შეეხება პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმეს, შოთაძის თქმით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის.
„ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია“, - განმარტა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტს წინა კვირას, პარლამენტის ტრიბუნიდან დაემუქრა.
ცნობილია, რომ სამართლებრივი დავა მთავარსარდლის წინააღმდეგ ახლა ვერ შედგება, პრეზიდენტს კონსტიტუცია იცავს, ამიტომ "ოცნება" ახლა მინიშნებებს აკეთებს.