შეხვდა თუ არა გენერალური პროკურორი სანქცირებულ ფარცხალაძეს - რას ამბობს შოთაძე?

24.10.23 11:00
შეხვდა თუ არა გენერალური პროკურორი სანქცირებულ ფარცხალაძეს - რას ამბობს შოთაძე?

გენერალური პროკურორი აგენტობაში მხილებულ ექს მთავარ პროკურორზე პირველ კომენტარს აკეთებს - ირაკლი შოთაძე ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს გადადგომის შემდეგ, პროკურატურასთან შეხება აღარ ჰქონია.

რაც შეეხება ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ გამოძიებას სუს-ი აწარმოებს და მისი უწყება საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს. 

"ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - უთხრა მედიას შოთაძემ.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის წარსულში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი "ახლო მეგობარია", დღეს შოთაძემ თქვა, რომ სანქცირების შემდეგ ექს-პროკურორთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

შოთაძე ამბობს, რომ ფარცხალაძეს რამდენჯერმე, საჯარო ღონისძიებებზე შეხვედრია. რომელ ღონისძიებაზე ნახა ფარცხალაძე შოთაძემ უცნობია. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე. ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები.

2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. შეხვედრები ყოფილა საჯარო ღონისძიებებზე. ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ გვაკავშირებდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ყოფილა შეხვედრის შემთხვევებიც. მას შემდეგ რაც სანქცირებულთა სიაში მოხვდა, არ შევხვედრილვარ"- თქვა შოთაძემ. 

მთავარმა პროკურორმა აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, ამ საკითხზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება"- თქვა მან. 

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები