ავტოკოლაფსი დედაქალაქში - ენმ-ს წევრები კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ
ავტოკოლაფსი დედაქალაქში - თბილისში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვითარება კი ყოველდღიურად უფრო მძიმდება - ერთი უბნიდან მეორეში მისასვლელად ფაქტობრივად საათებია საჭირო. ყველგან უძრავი საცობი და ავტომობილების გრძელი რიგებია. ერთ- ერთი მძიმე მონაკვეთი გმირთა მოედანია, სადაც დილიდან "ნაცმოძრაობის" წევრები მივიდნენ. მათ კახი კალაძეს დაპირებები შეახსენეს და მისი სატრანსპორტო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
„კახა კალაძე ჰპირდებოდა, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, გმირთა მოედანზე მოხდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მოეწყობოდა გვირაბი, რომელიც ახალ გზას დააკავშირებდა სანაპიროსთან, მოხდებოდა გზის გაფართოება და იქნებოდა აღებული ე.წ ბენზინგასამართ სადგურები და მოხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის იმგვარად მოწყობა, რომ აქ აღარ იქნებოდა საცობები, ეს იყო 2018 წლის დაპირება, რომელიც გასცა კახი კალაძემ. მას ჰქონდა სხვადასხვა წარმოდგენები, ვიდეო რგოლები, პრეზენტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ესეც მიეცა დავიწყებას. დღეს ქალაქში ყოველდღიურ პრობლემად იქცა საცობები, რომელსაც თამამად შეგვიძლია დავარქვათ კალაძის საცობები. ის რაც ქალაქში ხდება, ეს არის კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი, ადამიანების ყოველდღიურად უწევთ საათობით დგომა საცობში და ეს არის გამოწველი იმ არასწორი პოლიტიკის, იმ კორუფციული ინტერესების გამო, რომელიც ამოძრავებს კახი კალაძეს და მის გუნდს. გმირთა მოედანი არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა თბილისის მერი და როგორ ასრულებს დაპირებებს, რომელი დაპირებითაც ის მოვიდა მერის თანამდებობაზე და თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ თბილისში აღარ იქნებოდა საცობები, რომ თბილისში გამართული იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოწყობილი იქნებოდა ინფრასტრუქტურა და ა.შ. რეალურად, დღეს ჩვენ ვართ კახი კალაძის ტყუილების ტყვეობაში და ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა გადაადგილებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი უბნიდან მეორე უბნამდე მივაღწიოთ.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ საუბრობს ლაშა ფარულავაც. ენმ-ს წევრის თქმით, კახი კალაძე თბილისელებს და თბილისის მომავალს ბიძინა ივანიშვილის პროექტებს წირავს.
„თბილისს ჰყავს მატყუარა, თაღლითი, კორუმპირებული მერი, რომლის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგს ვხედავთ ჩვენ გმირთა მოედანზე. იმის ნაცვლად, რომ იგეგმებოდეს აქ საცობის განმუხტვა, პირიქით, ბიძინა ივანიშვილის ცათამბჯენების აშენებას გეგმავს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები. კახი კალაძე წირავს თბილისელებს და თბილისის მომავალს ბიძინა ივანიშვილის პროექტებს, რომლებიც რეალურად არა თბილისელებს, არამედ ერთ ჯგუფს ეკუთვნის და ეს ჯგუფი არის მხოლოდ და მხოლოდ იმით დაინტერესებული, რომ თვითონ გამდიდრდეს და ხალხი გააღარიბოს. ხალხი დგას საცობში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კახი კალაძე ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არა თბილისელებს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.