კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2 თვე დარჩა - სამადაშვილი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა
ყურადღების ეპიცენტრში ორბელიანის სასახლეა, სადაც წუთი-წუთზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებს.
პოლიტიკოსები ათონელის რეზიდენციასთან უკვე იკრიბებიან - დღეს პირველად არ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, პრეზიდენტი შეხვდება ყველა ოპოზიციური პარტიის ქალ დეპუტატს და მსჯელობის მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტატუსის მისაღებად სამოქმედო გეგმაა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2 თვე დარჩა და ახლა საინტერესოა, პრეზიდენტი როგორ ხედავს ამ პროცესს.
ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ რუსეთის დავალებით საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ძალიან ცოტა რჩება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორი თვე დარჩა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი როგორ ხედავს პროცესს და როგორ ხედავს, ამ ორ თვეში, რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ კომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, ვერ იქნება პოზიტიური, იმიტომ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები არ არის შესრულებული. ერთადერთი შანსი რჩება პოლიტიკური მხარდაჭერის, რომელიც არ აქვს "ქართულ ოცნებას", ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთ ვითარებაში, პრეზიდენტი როგორ ხედავს პროცესს. "ლელოს" პოზიციაა, რომ მიუხედავად რუსული ხელისუფლების საბოტაჟისა, ჩვენმა ქვეყანამ ეს შანსი არ უნდა დაკარგოს. პრეზიდენტს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვს რესურსები და საინტერესო იქნება, ძალისხმევის კოორდინირება, რომ რუსული ხელისუფლების გეგმა ჩავარდეს და ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების გარანტია". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.