"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - ამ დისკუსიას კობახიძე "რევოლუციის თემის აქტუალიზაციად" მიიჩნევს

24.10.23 16:19
"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - ამ დისკუსიას კობახიძე "რევოლუციის თემის აქტუალიზაციად" მიიჩნევს

"პროტესტი და წინააღმდეგობა XX-XXI საუკუნეების საქართველოში" - ამ სახელწოდების დისკუსია, რომელიც გამოცემა "ინდიგომ" დაგეგმა, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის შემაშფოთებელია. დისკუსია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 31 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მედიასთან ყურადღება გაამახვილა და თქვა, რომ დისკუსიის სათაურიც კი შემაშფოთებელია. კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ რევოლუციის საკითხის აქტუალიზაცია ხდება და ამაში უცხოური დაფინანსებაა ჩართული. 

სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია - როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება, მით უმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“, - ამბობს კობახიძე.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არავის მისცემს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას.

ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას დისკუსიის შესახებ გამოეხმაურა "ინდიგოს" წარმომადგენელი ნატა ძველიშვილი. მისი თქმით, როგორც "ინდიგოს", ისე დონორ ორგანიზაციას დილიდან ურეკავენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელევიზიები იმის გასარკვევად, რა მიზანს ემსახურება ეს ღონისძიება.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დღეს დილიდან ჩვენს დონორს და ჩვენ გვიკავშირდება რუსთავი 2 და იმედი და ცდილობენ გაარკვიონ რა არის ეს ღონისძიება. დეპუტატებმაც იწინასწარმეტყველეს, ცხადია არასწორად. 

მეგობრებო, ყველას გეპატიჟებით ჩვენი ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე. როგორც ჩვენი სხვა გამოცემები, ეს 200 გვერდიანი ჟურნალიც წარსულის გადახედვის და გამოცდილების გაანალიზების მცდელობაა სწორედ იმისთვის, რომ ახალი პერსპექტივები დავინახოთ. ამიტომ გაგვიხარდება, თუ მოხვალთ, წაიკითხავთ და ერთად შევძლებთ ფიქრს და მსჯელობას", - წერს ძველიშვილი.

ღონისძიება, რომელზეც დისკუსია და "ინდიგოს" ახალი ნომრის პრეზენტაციაა დაგეგმილი, 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები