"დავასრულე ჩემი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან" - ლაშა ბუღაძე

24.10.23 16:54
"დავასრულე ჩემი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან" - ლაშა ბუღაძე

ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბუღაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

დღეს დავასრულე ჩემი რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან, სადაც ცხადია ლევან წულაძისა და ეკა მაზმიშვილის წასვლის შემდეგ ცოცხალი თეატრალური პროცესის გაგრძელების იმედი არ მაქვს და, შესაბამისად, არც დარჩენის სურვილი. (…) მართალია, არც ლევან წულაძეს და არც ეკა მაზმიშვილს დაფდაფებისთვის არ შემოუკრავთ თავიანთი წასვლის დეკლარირებით, მაგრამ რეალობა ისეთია, როგორიც არის: კულტურის იმ კლანურ-რეპრესიული და უიდეო, უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, მათი დარჩენა თეატრში შეუძლებელი აღმოჩნდა. და ბუნებრივია, ჩემიც.

მით უმეტეს, კულტურის სრულიად უკულტურო კომისრის მმართველობის პირობებში. მის მძვინვარე უკულტურობაზე მარჯანიშვილის თეატრისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ კი, ალბათ თავადვე იტყვიან თუ მოუნდებათ.”

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა 10 ოქტომბერს დატოვა.

ლაშა ბუღაძეს მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძესთან ერთად გაკეთებული აქვს ადაპტაცია უილიამ შექსპირის პიესისა „როგორც გენებოთ”, რომელიც 2013 წელს ითამაშეს საიუბილეო ფესტივალზე ლონდონში, შექსპირის თეატრში „გლობუსი”. მან ასევე იმუშავა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში დადგმულ სპექტაკლზე „ტარტიუფი”. 2017 წელს კი, ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი” დადგა ლევან წულაძემ.

მსგავსი სიახლეები