ზუმბურიძე დაახლოებულია კალაძესთან, მისთვის ყველაფერში მწვანეა - ნადირაძე

24.10.23 17:22
ზუმბურიძე დაახლოებულია კალაძესთან, მისთვის ყველაფერში მწვანეა - ნადირაძე

"ამ ადამიანისთვის არის ყველაფერში მწვანე, რომ ხალხის ხარჯზე, დამატებით, ამ მაფიოზებთან ერთად იშოვოს რამდენიმე მილიონი ლარი," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ნადირაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, საიდანაც ირკვევა, რომ სულხან ზუმბურიძის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონი მიიღო.

ნადირაძის შეფასებით, სულხან ზუმბურიძე, რომელიც 2010 წლიდან 2018 წლამდე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, კახა კალაძესთან და "ქართული ოცნების" დეპუტატებთან დაახლოებული პირია. 

ნადირაძის თქმით, ზუმბურიძე პირველად არ ეხვევა სკანდალში, ერთ-ერთია 2019 წელს გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნა, სადაც როუმინგისთვის 29 000-ლარიან ხარჯზე იყო საუბარი, რაზეც მაშინ ზუმბურიძე აცხადებდა, რომ "შემთხვევით დაეხარჯა".

ეს ადამიანი კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს იყო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მის სახელს უკავშირდება ბევრი სკანდალი, მათ შორის როუმინგის სკანდალი, სადაც ტელეფონზე რამდენიმე დღეში 29 ათასი ლარი დახარჯა და ამისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ეს ადამიანი არის კახა კალაძესთან დაახლოებული პირი, ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ პარლამენტარების ბიზნესპარტნიორი, როგორიც არის სონღულაშვილი, როგორიც არის ოდიშარია და ამ ადამიანისთვის არის ყველაფერში მწვანე, რომ ხალხის ხარჯზე, დამატებით, ამ მაფიოზებთან ერთად იშოვოს რამდენიმე მილიონი ლარი,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანახმად, ზუმბურიძეს 2010 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.  ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილი. 

თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ კი ამ პირებმა და მათმა კუთვნილმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით. 

 

მსგავსი სიახლეები