"რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე" - ცნობას აშშ-ის საელჩო Europe Time-ს უდასტურებს

24.10.23 17:36
"რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე" - ცნობას აშშ-ის საელჩო Europe Time-ს უდასტურებს

აშშ-მა 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით, - ამ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოცემა Europe time-ს უდასტურებენ.

20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ის თანახმად, დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.

გამოცემა Europe Time-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას იწყებს.

ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს“, - მოჰყავს Europe Time-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ციტატა.

დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას“ - უპასუხეს გამოცემას საქართველოში აშშ-ის საელჩოში.

"დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა და მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.

შესაბამისად, დიდი ალბათობით, იმ ქვეყნების მთავრობებს შორის, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მცდელობებზე გააფრთხილა, საქართველოც იქნებოდა.

დეტალების გადამოწმებას, ეხებოდა თუ არა აშშ-ის მიერ გაზიარებული ინფორმაცია რუსეთის წინასაარჩევნო აქტივობებს საქართველოში, რადიო თავისუფლება საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებთან ცდილობს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 24 ოქტომბერს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომლის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა იქონიოს, უპასუხა, რომ "ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ".

თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენს ინტერესებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები