საარჩევნო პროცესებში რუსეთის შესაძლო ჩარევა - ხიდაშელი ლილუაშვილსა და შოთაძეს მიმართავს
რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ სახელმწიფო სტრუქტურები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენის შესამცირებლად? - ამ კითხვით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გენერალურ პროკურორს და სუს-ის უფროსს "დღის ამბებიდან" მიმართავს.
როგორც ხიდაშელი ამბობს, ბევრი დემოკრატიული ქვეყანა რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, შესაბამისად, ეს იძლევა მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოც ამ გამოწვევის წინაშე დადგება. შესაბამისად, ორივე უწყების ხელმძღვანელს თინა ხიდაშელი ურჩევს, რომ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, როგორ იცავს სახელმწიფო თავს მტრულად განწყობილი ქვეყნის მხრიდან არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად.
პირდაპირ მინდა მივმართო შოთაძეს, დღეს ყელმოღერებული რომ გველაპარაკებოდა, ისევე როგორც სუს-ის ხელმძღვანელს - ძალიან კონკრეტული საკითხი არის, რაზეც დღეს ამერიკელები საუბრობენ, რაზეც ევროკავშირის სახელმწიფოების, კანადის, ავსტრალიის დაზვერვის სამსახურები საუბრობენ, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ჩარევა მათ საარჩევნო პროცესებში, ერთ-ერთი ყველაზე ბოლო იყო კანადაში ჩატარებული არჩევნები, რაზეც უზარმაზარი ანგარიში გამოქვეყნდა, როგორ ცდილობდა რუსეთი ჩარევას. ჩემი კითხვა ძალიან მარტივია - იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური განცხადებები გვიკეთონ სამართალდამცავმა და უსაფრთხოების სამსახურებმა, მინდა ვთხოვო, რომ იქნებ საზოგადოების წინაშე წარდგნენ ანგარიშით და მოგვიყვნენ, რას აკეთებენ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ან მინიმალიზება მოხდეს იმ საფრთხეების, რომელიც აუცილებლად იქნება ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან საარჩევნო პროცესის დროს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ცდილობს რუსეთი საარჩევნო გავლენის მოპოვებას, ამიტომ ვისაც უნდა იმას სდიონ ამ სასაცილო პროცესში იყვნენ, ამის არავის ეშინია, მაგრამ ამის პარალელურად, სინამდვილეში ქვეყანას საიდანაც ემუქრება საფრთხე იმაზე გაგვცენ პასუხი, რა ღონისძიებებს ატარებენ, რა ტიპის უსაფრთხოების ზღუდეს უქმნიან საქართველოს, რომ მოქალაქეებმა მშვიდად იგრძნონ თავი მოახლოებული არჩევნების წინ," - ამბობს ხიდაშელი.