პარალიზებული აქვს ორივე ხელი, ფეხები - უკრაინაში დაშავებული ქართველი ჯარისკაცისთვის დახმარებას ითხოვენ
უკრაინაში ოკუპანტ ქვეყანასთან ბრძოლაში დაშავებული ქართველი ჯარისკაცის დახმარებას და ევროპულ ქვეყანაში რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე დახმარებას ითხოვს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე.
მამა ნექტარიოს მჭედლიძე "რეაქციაში" ყვება, რომ ქართველი ჯარისკაცის მდგომარეობა უმძიმესია. მამა ნექტარიოს მჭედლიძე ამბობს, რომ ჯარისკაცის დედა საქართველოშია და ის მიმართავს საზოგადოებას, რომ როგორმე დაშავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი უკრაინაში ჩასვლაში დაეხმარონ.
ჩემს ქალაქში გადმოიყვანეს ქართველი ჯარისკაცი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც სამი თვის განმავლობაში ყოფილა კომაში, კომიდან გამოვიდა და ახლა გადის რეაბილიტაციას. უკრაინაში ამოწურულია, ყველაფერს უკეთებენ, მაგრამ ამ ადამიანის აქ ყოფნა და გაჩერება იმ შედეგს ვერ გამოიღებს რეაბილიტაციისთვის. პარალიზებული აქვს ორივე ხელი, ფეხები, ვერ ხედავს - პუტინის იმ სისასტიკის, იმ ჯოჯოხეთის შედეგია, რაც სპარტაკს სჭირს, ის აფეთქდა ერთ-ერთ ცხელ წერტილში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები.
სპარტაკს დედა ჰყავს საქართველოში, რომელსაც სურს ჩამოსვლა, არ აქვს ფინანსური მდგომარეობა, რომ ჩამოვიდეს შვილთან. სამი დღეა მირეკავს დედამისი ტირილით და ითხოვს, რომ შვილთან ჩამოვიდეს. აუცილებელია ამ ბიჭის გაყვანა უკრაინიდან და გავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც სრულიად ჩაუტარებენ რეაბილიტაციას," - ამბობს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.