რა ეტაპზეა ქუთაისის გენერალური გეგმა?

25.10.23 11:01
რა ეტაპზეა ქუთაისის გენერალური გეგმა?

ქუთაისი, წლებია, თავისი ფუნქციის ძიებაშია. გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, ჯერ არ არსებობს. 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” დაინტერესდა, როგორი იქნება ქუთაისის გენერალური გეგმა და ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს ქალაქის მომავლისთვის.  

სტანდარტულად, გენერალური გეგმა ორ ნაწილად მტკიცდება. ჯერ გეგმის კონცეფცია უნდა დადასტურდეს, შემდეგ კი თავად გენერალური გეგმა. კანონით, ორივე ეტაპს,  არაუმატეს, 90 სამუშაო დღე სჭირდება. 

2021 წელს შპს “გეოგრაფიკმა” 270 ათას ლარად მოამზადა ამ გეგმის კონცეფცია, ერთგვარი წინასწარი სახელმძღვანელო. ქუთაისის მერიამ გენ.გეგმის კონცეფციის საბოლოო ვერსია 2022 წლის თებერვალში ჩაიბარა. მასში ასახულია ქალაქის ურბანული, კულტურული და ტურისტული განვითარების ხედვა, გაფართოებულია ტერიტორიული საზღვრები. 
პროცედურა ასეთია - კონცეფციის შემდეგ დგება სკოპინგის ანგარიში, შემდეგ გენ.გეგმის პროექტი და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ). საბოლოო დოკუმენტი კი მაშინ დამტკიცდება, როცა გენ.გეგმის პროექტს და სგშ-ს გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები დაადასტურებენ. 

ამ დრომდე ქუთაისს არ აქვს საბოლოოდ დადასტურებული გენ.გეგმის დოკუმენტი. 

რა ეტაპზეა ახლა ქალაქის გენ.გეგმის შემუშავება და რამ გააჭიანურა საქმე ასე, როცა კონცეფცია ორი წლის წინ ჩაჰბარდათ - შესაბამისი კითხვით “აი, ფაქტმა" მერიას მიმართა.

მერიისგან გვაინტერესებდა, რა ეტაპზეა ახლა ქალაქის გენ.გეგმის შემუშავება და რამ გააჭიანურა საქმე ასე, როცა კონცეფცია ორი წლის წინ ჩაჰბარდათ. თუმცა, არ გვიპასუხეს და შემოგვითვალეს, სტატია ჩვენი პოზიციის გარეშე გამოაქვეყნოთო. 
არადა, თუ დოკუმენტი დროულად გვექნება, მერიასა და საკრებულოში განაშენიანებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს თვითნებურად ვეღარ მიიღებენ, დაეყრდნობიან ერთ დოკუმენტს და ყველა მოქალაქესთან ერთნაირი სტანდარტით იხელმძღვანელებენ. ეს კი თავიდან აგვარიდებს ქალაქის ქაოტურ განვითარებას"- წერს გამოცემა. 

დეტალურად ქუთაისის გენ.გეგმის ამბავს, “აი,ფაქტის”  ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან გაიგებთ.

მსგავსი სიახლეები