საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიდი განსხვავებაა - დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა სტატუსს დათქმებით მაინც მიიღებს

25.10.23 11:18
საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის დიდი განსხვავებაა - დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა სტატუსს დათქმებით მაინც მიიღებს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს გარკვეული დათქმებით მოხდეს. ოპოზიციის წევრის თქმით, საქართველოს საკითხი ევროკავშირისთვის სირთულეს წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ხელისუფლებასა და ხალხის განწყობებს შორის დიდი სხვაობაა. 

საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან და მაშინ მიიღებენ უკვე გადაწყვეტილებას. კონკრეტულად ნოემბერში იქნება შეფასება რეკომენდაციებზე. მე ვერ გეტყვით, იქნება თუ არა იქ რეკომენდაცია ჩაწერილი. ეს ევროკომისიის გადასაწყვეტია. ჩემი ინფორმაციით, არაფერი საბოლოოდ ჯერ არ არის გადაწყვეტილი არც ამ სამ ქვეყანაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი არის ძალიან სერიოზული სირთულე, იმიტომ, რომ აქ არის დიდი განსხვავება საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს თუნდაც დათქმებით კანდიდატის სტატუსს. გეოპოლიტიკური მოსაზრება იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ საქართველო მარტო არ დარჩეს რუსეთთან კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში, - ამბობს დეკანოიძე. 

უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "როიტერი"  ევროკავშირში სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, უკრაინას და მოლდოვას გარკვეული პირობებიც წაუყენონ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მეტი ძალისხმევა ჩადონ. მათივე ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. 

 

მსგავსი სიახლეები