ე.წ. ტრენინგების საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება - ვინ არის დაბარებული ამჯერად "სუს"-ში?

25.10.23 12:11
ე.წ. ტრენინგების საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება - ვინ არის დაბარებული ამჯერად "სუს"-ში?

ლილუაშვილის უწყებაში გამოკითხვების სერია გრძელდება. ამჯერად სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა, თუმცა არცერთი მათგანის სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ისინი მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვას ითხოვენ. 

CANVAS-ის დირექტორი, გიორგი მელაძის თქმით, გამოკითხვების სერია პოლიტიკური რეპრესიებია, რომელსაც სხვა სახელი არ აქვს. მელაძე ამბობს იმასაც, რომ ამ ყველაფრის მიღმა შესაძლოა, დასავლური მიზნისგან დაშორება იკვეთებოდეს.

გრძელდება სახელმწიფო პოლიტიკად ქცეული რეპრესიები, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და ამას სხვა სახელი არ აქვს. შესაძლოა ამ ყველაფრის მიღმა დიდი რუკა იკვეთებოდეს და დაშორება დასავლური მიზნისგან და ორიენტაციის ძალიან სერიოზულად გადახედვა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის და კონსტიტუციური თანაწესის წინააღმდეგ", - ამბობს CANVAS-ის დირექტორი, გიორგი მელაძე.

ხელოვანი ნატალია ვაწაძე ე.წ. გამოკითხვების სერიას მოსახლეობაც დაშინების მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ  ეს ყველაფერი მხოლოდ არადემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

თითქოს ცდილობენ, რომ მოსახლეობაც დააშინონ, რომ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ ციხეში და ესენი თუ აღმოჩნდებიან ე.ი. ჩვენც შესაძლოა მოვხვდეთ. ეს ყველაფერი ხდებოდა რუსეთში, ხდებოდა ბელორუსიაში, ყაზახეთში. ეს ყველაფერი ხდება არადემოკრატიულ ქვეყნებში იმიტომ, რომ ხელოვანს იმის გამო, რომ ის უბრალოდ ტრენინგს დაესწრო არსად არავინ არ იბარებს იმის გამო, რომ ვიღაც თავის აზრს გამოთქვამს ამის გამო არავინ ციხეში არ სვამს", - ამბობს ხელოვანი, ნატალია ვაწაძე.

შეგახსენებთ, კინოპროდიუსერები, მსახიობები, მწერლები, ფოტოგრაფები, ლექტორები და ჟურნალისტები - ყველა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ყველას, ვინც "USAID"-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა. 

შეხვედრაზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ რევოლუციის მოწყობის მცდელობად შერაცხა, გამოძიება ახლაც გრძელდება. რას იძიებს სუს-ი გაურკვეველია, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს და ლაპარაკის უფლებას არავის აძლევენ. ამ საქმეზე გამოკითხვების სერია დღესაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები